თბილისის აეროპორტში უცხოელს ბარგში 20 კგ-მდე „მარიხუანა" აღმოაჩნდა

37 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში 19,4 კგ ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანა" 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული.
„მებაჟე-ოფიცრის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენოინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ მოხდა ბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.
37 წლის მამაკაცს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიმდინარეობს.