შსს-მ პარტია „დროას" ლიდერის წინააღმდეგ საქმე აღძრა

გამოძიება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
„სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის ადკავება მოჰყვა.
11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.