თბილისი, 15 сსექტემბერი — Sputnik. საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას არც ძალა და არც რესურსი არ გააჩნია, რომ ძალადობრივი გზით ხელისუფლება დაამხოს და ყველა, ვინც უკანონო ქმედებებს განახორციელებს, კანონის წინაშე აგებს პასუხს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გასულ კვირაში დააკავეს. ხაბეიშვილის დაკავების მიზეზი სოციალურ ქსელებსა და ტელეეთერებში მისი საჯარო მოწოდებები გახდა - საუბარია რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობის შესახებ განცხადებებზე, ასევე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებისა და ხელმძღვანელობის ბრძანებების შესრულებაზე უარის თქმის სანაცვლოდ ძალოვანებისთვის 200 ათასი დოლარის შეთავაზებაზე.
„რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს რესურსი, ძალადობრივი გზით დაამხოს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ ისინი, ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატის თქმით, საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. თუმცა, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, თუ ქმედებები უკანონო ხასიათს იძენს, ხელისუფლებას სრული უფლება აქვს ჩაერიოს.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური ძალები ცდილობენ თავიანთ უცხოელ პატრონებს აქტიურობა დაანახონ, რათა გაამართლონ მათგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა, თუმცა, ისინი რეალურ შედეგს ვერ მიაღწევენ.
„რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, ის ჩვეულებრივი დამნაშავეა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და ამისთვის დაისჯება. იგი სასამართლოს წინაშე წარდგება და თუ მას რაიმე ექნება სათქმელი თავის დასაცავად, ამის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა დეპუტატმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეე ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის ქრთამის მიცემის მცდელობის საქმეზე 11 სექტემბერს დააკავეს.
13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ზოდელავამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო 14 სექტემბერს დატოვა.