GCCA-მა 17 მოვაჭრე მომხმარებლის უფლებების დარღვევაში ამხილა

კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" 2022 წელს ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან დღემდე პერიოდში 17 მოვაჭრეს მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინა.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდა და საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხებს არეგულირებს.
GCCA-ის ცნობით, დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3,908 ლარი შეადგინა.
2024 წლის სექტემბერში კონკურენციის სააგენტო დასახელდა მსოფლიო ბანკის გამარჯვებულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, განაცხადების ეფექტური განხილვისა და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად პრობლემის გადაჭრისთვის.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, საქართველო პროგრესს აღწევს მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით და ევროკომისიის 2023 წლის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულებულია. კერძოდ, ქვეყანას აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას.