ელენე ხოშტარია დააკავეს

Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დააკავეს.
პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვერაზე, მის სახლთან აიყვანა.
დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა - გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, შსს-მ გუშინ გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
მანამდე, თავად ხოშტარიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც იგი „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს აწერს: „რუსული ოცნება". მისი თქმით, ამ ფორმით მან სოლიდარობა გამოუცხადა მეგი დიასამიძეს, რომელიც კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას 2 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
გასულ კვირაში კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია. 8 სექტემბერს კალაძის შტაბთან პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც რამდენიმე ადამიანის ადკავება მოჰყვა.
11 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა. ოპოზიციის ლიდერები მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს, შეუერთდნენ საპროტესტო აქციას.