თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ შეძლებულია და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის რაიმე სახის კორუფციულ სისტემაში იყოს გარეული, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ვოლსკიმ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, დააპატიმრებენ თუ არა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის დროს თავდაცვის მინისტრი იყო ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც 11 სექტემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე დააკავეს.
„ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული თვითონაც, თავისი ოჯახი საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ამიტომ ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში“,
„...ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება გამორიცხო კიდეც. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, კორუფციის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რადგან ნებისმიერი ქვეყანა დაინგრევა, თუ კორუფცია იარსებებს.
„ჯუანშერთან ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი იმას, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ძალიან ცუდი ფაქტია. ზოგადად, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, წარსულში იქნება თუ აწმყოში, ეს ყველაფერი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული, შეფასებული და მკაცრი ზომები უნდა იქნეს გატარებული.
„ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. გამოძიება აჩვენებს ყველაფერს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს ეჭვი დარჩეს რაღაცა დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე," - განაცხადა ვოლსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის 29 იანვარს განაცხადა. ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის თითქმის მთელი შემადგენლობა უცვლელი დარჩა. მხოლოდ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვა.
ბურჭულაძის საქმე
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით მისმა იმდროინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალისთვის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის რეალური ღირებულება და 2.606.272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3.940.000 ლარად.
გარდა ამისა, 2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620.000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544.000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
სუსის განცხადებით, ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1.593.212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.
ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ფულის გათეთრება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
მიმდინარე წლის ივლისში ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ასევე მინისტრის ნათესავი - დიდი ოდენობით გაფლანგვის ბრალდებით.