თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის სპეციალისტებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შერჩევითი წესით კარტოფილის, სიმინდის, ხორბლის, ქერის, იონჯას, საზამთროსა და პომიდვრის 30 ნიმუში აიღეს და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებზე (გმო) შეამოწმეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არც ერთი სახეობა არ შეიცავს გმო მარკერს, რაც ადასტურებს, რომ ისინი ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს არ წარმოადგენს.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე დათესილი კულტურების ინსპექტირება განახორციელეს.
საქართველოში ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გარემოში კულტივირება აკრძალულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მცენარეების სხვადასხვა სახეობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე 2015 წლიდან დღემდე სისტემატურად ამოწმებს.
დღემდე სულ შემოწმებულია 5 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და აღებულია 332 ნიმუში. მათგან გმო მარკერები დადგინდა მხოლოდ იონჯას კულტურაში (2 შემთხვევა). ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გმო – გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია. ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ.
ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, რომელთა გენები უკვე შეცვლილია საჭირო მიმართულებით. უჯრედში დანერგვით ისინი გენურ კოდს საჭირო მხარეს ცვლიან.
საკვებ პროდუქტებში გმო-ს გამოყენების საფრთხის შესახებ მუდმივად მიმდინარეობს დებატები – ერთნი ემხრობიან გმო პროდუქტებს, ხოლო მეორენი აცხადებენ, რომ ის საშიშროებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.