მცხეთა-მთიანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მცხეთა-მთიანეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთი ქალია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
21 და 61 წლის პირებს საგამოძიებო უწყება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 1 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.