მერია: კონკურსზე „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება განახლდა

კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიაში კონკურსის „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დღეიდან განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება 26 თებერვალს დაიწყო და 21 მარტის ჩათვლით გაგრძელდა. გაზაფხულის სეზონზე პროექტების წარდგენა შესაძლებელი იყო ოთხი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედიახელოვნება.
„კონკურსი 2019 წლიდან ამოქმედდა და მისი არსებობის მეექვსე წელს, თბილისის მერიის ხელშეწყობით, უკვე 230-მდე საინტერესო პროექტი განხორციელდა. შემოდგომის ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, ამ სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადების ატვირთვა მსურველებს შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე culture.tbilisi.gov.ge.