თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, რომელიც 15 სექტემბერს იღებს სტარტს, სრულ მზადყოფნას აცხადებს, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
„მინდა დაგარწმუნოთ, რომ სამინისტრო ყველა ზომას მიიღებს იმისათვის, რომ 15 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლაში, ქვეყნის მასშტაბით კი მათი რაოდენობა 2.086-ია, სასწავლო პროცესი ჩვეულებისამებრ დაიწყოს... ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული ვართ ახალი სასწავლო წლის დასაწყებად“, - განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ სკოლაში დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო შესაძლებელია მცირე შეფერხებები. თუმცა, მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა დარჩენილ კვირაში აუცილებელი პროცესები დასრულდეს.
„მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო სასწავლო წლის დაწყებისთვის მაქსიმალურად მომზადებული იყოს. პრემიერ-მინისტრის დაპირება სასსკოლო ინფრასტრუქტურის განახლების შესახებ, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ეს პროცესები გრძელდება. ამ სასწავლო წელს ქვეყანას დაახლოებით 50 სრულად განახლებული ან ახლადაშენებული სკოლა დაემატება“, - განაცხადა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლების მოდერნიზაციამ, შესაძლოა, დროებითი უხერხულობა შეუქმნას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, თუმცა ეს ზომები, მიქანაძის თქმით, უფრო კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. მან ასევე აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში, არაკეთილსინდისიერი კონტრაქტორების გამო სამუშაოების ვადები დაირღვა.
საგანმანათლებლო პროცესის თავისებურებები საქართველოში
სკოლაში ბავშვების მიღება 6 წლიდან ხდება. ქართული სასკოლო განათლება 12-წლიანია და იყოფა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი განათლება საქართველოში მოიცავს პერიოდს 1-დან მე-6 კლასამდე, საბაზო განათლება მე-7-დან მე-10 კლასამდე, ხოლო საშუალო განათლება მე-11-დან მე-12 კლასამდე.
საჯარო სკოლებში ყველა პირველკლასელს, სახელმძღვანელოების გარდა, სპეციალური ნეთბუქები გადაეცემათ, რომელიც სწავლის პერიოდში გამოადგებათ. მასში ჩატვირთულია სხვადასხვა საგნის საგანმანათლებლო ინტერაქტიული პროგრამები.
სასწავლო პროცესი ორი სემესტრი გრძელდება: სექტემბრიდან დეკემბრამდე და იანვრიდან ივნისამდე. პირველკლასელები და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მაისამდე სწავლობენ. სასწავლო კვირა 5 დღე გრძელდება, გაკვეთილის ხანგრძლივობაა პირველი კლასისთვის 35 წუთი, მეორე კლასისთვის - 40 წუთი, დანარჩენი კლასებისთვის კი 45 წუთი.
საჯარო სკოლებში ყველა სახელმძღვანელო უფასოდ გაიცემა და მშობლებს მხოლოდ რვეულებისა და საკანცელარიო ნივთების შეძენა სჭირდებათ. მოსწავლეების შეფასებების აღრიცხვა ელექტრონულ დღიურებში ხდება.
მოსწავლეთა შეფასება იწყება მე-5 კლასის მეორე სემესტრიდან. საქართველოს სკოლებში შეფასების 10-ქულიანი სისტემა მოქმედებს - 10 და 9 ქულა მაღალია, 7-8 საშუალოზე მაღალი, 6 და 5 საშუალო, ხოლო 5-ზე ქვემოთ დაბალი.