თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს, რომლის მენეჯერმაც მომსახურების თითქოსდა გაწევის მიზნით, გადმოსარიცხი თანხა - 72, 8 ათასი ევრო მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთ მყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე.
აღნიშნული ქმედების შედეგად, ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად, უკანონოდ დაეუფლა მას.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება.