თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს და არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, ნათქვამია მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დღეს, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
„თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის დაპირისპირების დაწყებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები ვითარების განმუხტვისა და კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მიზნით... მოვუწოდებთ შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები მიმართავენ კანონით დადგენილ ღონისძიებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
ამ დროისთვის ვითარება ადგილზე დასტაბილურდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.