თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თურქეთის ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ანგარიშით 0:6 დამარცხდა.
გუშინ, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან შეხვედრა გამართა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრა „დინამო არენაზე" ჩატარდა, სადაც 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
სექტემბრის ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ესპანეთი ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოსა და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობით (საქართველო - 5:3, თურქეთი - 3:8) მეორე ადგილზე „ჯვაროსნები“ არიან.
6-ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი-ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 ოქტომბერი, ესპანეთი - საქართველო,
14 ოქტომბერი, თურქეთი - საქართველო,
15 ნოემბერი, საქართველო - ესპანეთი,
18 ნოემბერი, ბულგარეთი - საქართველო.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის პერიოდში აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება.