ყალბი ევროების გასაღების ფაქტზე მარნეულში ორი პირი დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 59 და 32 წლის ბრალდებულებმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღეს.
სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.