დეპუტატი: სტრასბურგში არასამთავრობოების სარჩელი კრახისთვისაა განწირული

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა რიგი მოქმედი კანონის წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, თუმცა, მათ შეჩერებას არ ითხოვენ, რადგანაც იციან, რომ იგი სრული სამართლებრივი კრახისთვისაა განწირული, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და „სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის“ „ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონების, მათ შორის FARA-ს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს ერთობლივი სარჩელით მიმართეს.
„მათ კარგად იციან ამ კანონის არსი, კარგად იციან სტრასბურგის სასამართლოს პროცედურები და კარგად ესმით, რომ თუ საქართველოში გათამაშებული დრამა სტრასბურგში გადავიდოდა, ისინი სრულ სამართლებრივ კრახს განიცდიდნენ და ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ სასამართლოს არ მიმართეს დროებითი ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვა შეიძლება თვეები და უფრო მეტი ხნოთ გაგრძელდეს.
„სტრასბურგის სასამართლოს გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ ერთ ძალიან მარტივ რამეს: ქართული სასამართლოები მართლები იყვნენ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებისას და უმეტეს შემთხვევაში საქართველოს მთავრობაც მართალი იყო შესაბამისი საკანონმდებლო ან აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - განაცხადა მახაშვილმა.
სარჩელის ავტორების თქმით, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებში სადავო დებულებები ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს.
ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლებამ რიგი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში დაადანაშაულა.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა".
გარდა ამისა, ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.