ლანჩხუთში ყვავილების მაღაზია გაქურდეს: დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა გურიაში ქურდობის ბრალდებით 18 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია. ის სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში, დაეუფლა 30 ათას ლარამდე ოდენობის თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ქურდობის შედეგად დაუფლებული თანხა.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.