თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ 2025 წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე პერიოდში „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ მუხლით ადმინისტრაციულ პასუხისგებაში 1382 პირი მისცა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი საქართველოს ხელისუფლებას 1 ოქტომბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების უფლებას აძლევს. ამავდროულად, დეპორტაციის შემდეგ, უცხოელები სამი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსვლას ვეღარ შეძლებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის“ სულ 1591 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 58 ქალია და 1324 კაცი. პასუხისგებაში მიცემულთა მთლიანი რაოდენობიდან 14 არასრულწლოვანია.
დარღვევების ყველაზე მეტი შემთხვევა საანგარიშო პერიოდში თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და შიდა ქართლში დაფიქსირდა.
დარღვევა ისჯება 5 ათას ლარიანი ჯარიმით ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.