თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში 22 აგვისტო მოხდა. გამოძიების მიხედვით, 25 წლის ქალმა საცხოვრებელ ბინაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ქმარს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად 22 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს მკვლელობის აღიარებით ჩვენებაზე ხელი. მისი განმარტებით, ბრალდებული ირწმუნება, რომ მისმა ქმარმა მის თვალწინ დაირტყა დანა.
„ერთხელ აქვს დარტყმული დანა იმიტომ, რომ მეორედ ვერც დაირტყამდა. მიშველეო უთხრა და ამანაც გამოაძრო, ერთი ეგ მოვიფიქრე, რომ გამომეძროო. ჩემი დასწრების გარეშეა გამოკითხული, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სადაც ეუბნებიან, რომ აღიარე, არაფერი იქნებაო. ამ მიზნით, მან ნდობა გამოუცხადა და იმ ოქმს მოაწერა ხელი, რაც მას დაუდეს წინ. შედეგად, მერე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ მან მკვლელობა აღიარა", - განაცხადა უფლებამდამცველმა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მათ სულ ერთი კვირის შექმნილი ოჯახი ჰქონდათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.