მეწყერი ხარაგაულში: რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში მდინარე ყარნებას ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.
გუშინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე.
მერიის ცნობით, მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
„მდინარის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება. კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.
პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში მეწყრული პროცესები ივნისის ბოლოსაც გააქტიურდა, მეწყრის საფრთხის არეალში მცხოვრები მოქალაქეები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.