თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შპს „ენგურჰესის“ ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა - 1981 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, უკანონოდ შეიძინა და ასევე, უკანონოდ ინახავდა "მეთადონის" შემცველ ნარკოტიკულ საშუალებას.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.