თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 44 პირი დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცლებულ განცხადებაში.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საგამოძიებო უწყება მათ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას, რეალიზაციის მომზადებას, რეალიზაციის მცდელობას, რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანასა და შეძენა-შენახვას ედავება.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, კერძოდ, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
„დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყებისა ცნობით, ბოლო ორ თვეში სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია.