საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მთავრობის დადგენილებით, 1-ლი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სამთვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს კი შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.
შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
უწყების ცნობით, იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირში სტაჟირება – საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.