თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საპენსიო ფონდის აქტივების მოცულობამ, 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, 7,2 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 1,8 მლრდ ლარს გადააჭარბა, იუწყება საქართველოს საპენსიო ფონდი.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 მილიონ 655 ათასი ადამიანია ჩართული. აქედან 21,972 ათასმა ადამიანმა უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით, მათზე გაცემულმა თანხამ 95,4 მლნ ლარი შეადგინა.
ამ პერიოდშიც ლიდერობს დინამიური პორტფელი.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 ივლისამდე რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) ასე გამოიყურება:
დინამიკური პორტფელი – 13,3%,
დაბალანსებული პორტფელი – 12,5%,
კონსერვატიული პორტფელი – 11,5%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.