თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადების მიღებას იწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტაციის წარდგენა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლო დაწესებულებებს 11 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით შეუძლიათ.
„მომზადება-გადამზადების პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ახალი უნარების გაძლიერებას და მათ სწრაფ დასაქმებას. კურსებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მასში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი სასწავლო ცენტრი, განსაკუთრებით, რეგიონებში მოქმედი დაწესებულებები აქტიურად ჩაერთონ და წარადგინონ განაცხადები.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 30-მდე კერძო და სახელმწიფო კოლეჯთან უკვე თანამშრომლობს. მოკლევადიანი პროფესიული სწავლება 1-დან 3 თვემდე გრძელდება და ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: კომპიუტერული პროგრამები, ესთეტიკური, სილამაზის, საბუღალტრო, სარესტორნო, სასტუმრო, სამზარეულო და საინჟინრო მიმართულებები, შინ მოვლის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის და სააღმზრდელო პროცესის წარმართვის პროფესიები.
2025 წელს სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2 ათასამდე მოქალაქეს სრულად დაუფინანსა მოთხოვნადი პროფესიების 80-ზე მეტი მოკლევადიანი კურსი - მათი დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია.