თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანაკლიაში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) პორტის მშენებლობის განახლება იმ პირობით, რომ სახელმწიფოს 51%-იანი წილი ექნებოდა. სახელმწიფომ საკუთარ თავზე ასევე აიღო პორტის მშენებლობის ხარჯების ნაწილი.
მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ანაკლიის პორტამდე გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გამოიყოფა.
საქართველოს მთავრობამ ასევე დაავალა „საქართველოს რკინიგზას“ პორტამდე რკინიგზის ხაზის მშენებლობა და ფინანსთა სამინისტროსთვის ამ პროექტისთვის საჭირო ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო.
ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სამშენებლო კომპანიაა. ხელშეკრულების მიხედვით, საზღვაო სამუშაოები სამ წელიწადში დასრულდება.
ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd. (სინგაპური) ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ანაკლიის პორტის განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესება გამოხატა, თუმცა, მოლაპარაკებები შეთანხმების შესახებ დეტალებთან დაკავშირებით არ დასრულებულა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ეკონომიკურ განვითარებაში, ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად, ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე ახორციელებს ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს.