რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან

შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით.
Sputnik
თბილისი, 31 ივლისი - Sputnik. საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუსთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის ორმხრივ მთავრობათაშორის ეკონომიკურ კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მეექვსედ გაიმართება. მარიამ ქვრივიშვილი და აბდულკადირ ურალოღლუ კომისიის თანათავმჯდომარეები არიან.
ქართველი და თურქი მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი და სხვ. აღინიშნა, რომ თურქეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი და რეგულარულად მოწინავე ინვესტორია.
ხაზი გაესვა ნაყოფიერ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში. აღინიშნა, რომ სატრანზიტო დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან.
ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ დონეზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აქტიურადაა ჩართულია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარების არაერთ ინიციატივაში, მათ შორისაა ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი - შუა დერეფანი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს აქტუალობას რეგიონალური კავშირების გაღრმავების, გლობალური ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროექტების მიმდინარეობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარებას. მათ შორისაა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა და სხვ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უფრო მეტად გააქტიურებას შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მასში დამატებითი ტვირთების მოზიდვასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებასთან დაკავშირებით.
ქვეყნებს შორის კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა თანამშრომლობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღინიშნა, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად ორ ქვეყანას შორის გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 615 ათასზე მეტი მგზავრი, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,97%-ით მეტია. ხაზი გაესვა, რომ ამჟამად თურქეთის 4 ავიაკომპანია ახორციელებს ქვეყნებს შორის კვირაში 100-ზე მეტი სიხშირით მგზავრების გადაყვანას, ასევე წარმატებით ფუნქციონირებს სატვირთო ავიაგადაზიდვებიც. ითქვა, რომ თურქეთის უმსხვილეს ავიაკომპანი „თურქეთის ავიახაზებთან" მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულების დაწყების შესახებ, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის თანამშრომლობას როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გახშირებული ავიამიმოსვლა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას ტურისტული მიმოსვლის განვითარებაში - 2024 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში შემოსულია 1,3 მლნ ვიზიტორზე მეტი და ამ მაჩვენებლით თურქეთი მეორეა საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების შემოსვლის მიხედვით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ინვესტიციების, სახმელეთო ტრანსპორტის, ჰიდროგრაფიისა და საზღვაო სფეროს, რკინიგზისა და სხვა მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის მინისტრი რიგით მეხუთე საერთაშორისო აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც თბილისში 22–23 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს 1992 წლის 21 მაისს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
თურქეთი საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,8%-ია.