შემოსავლების სამსახური: ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს

საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა, აღნიშნულია განცხადებაში
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
რიგმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს საბაჟოების შენელებული მუშაობის გამო, საკონტროლო პუნქტებთან რიგები იქმნება.
„შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე ყველა საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებს ცნობით, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24-საათიან რეჟიმში განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე-ოფიცრების რაოდენობა.
„მომატებული საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით გააჩნია უახლესი ინსპექტირების სისტემები.
„საბაჟო-გამშვები პუნქტები აღჭურვილია სხვადასხვა დანიშნულების სტაციონალური რენტგენო-სკანერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ასევე ხელს უწყობენ უსაფრთხოების დაცვასა და ამავდროულად, ამცირებენ საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში 20 საბაჟო-გამშვები პუნქტია: ორი რკინიგზის საკონტროლო პუნქტი, სამი საერთაშორისო აეროპორტებში, ორი პორტებში და დანარჩენი სახმელეთო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე.