თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 87 ათასი პაციენტი სრულად განიკურნა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა - აღნიშნული პროგრამით მკურნალობის ეფექტურობა 99%-ია.
„დღეის მდგომარეობით, C ჰეპატიტისგან განიკურნა 87 ათასი პაციენტი. ეს ნიშნავს, რომ 87 ათას ადამიანს შეუნარჩუნდა სიცოცხლე. ამასთან, დაავადება აღარ ვრცელდება და ეს განსაკუთრებული წარმატებაა", - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობის ასეთი გამოცდილება დადებითად აისახება B ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამის შედეგებზეც.
„ყველამ, ვისაც B ჰეპატიტი აქვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის კლინიკებს. სამწუხაროდ, ეს დაავადება სრულად არ იკურნება, თუმცა ისეთ რემისიაში გადადის, რომელიც ადამიანის სიცოცხლის რისკს ანეიტრალებს. პროგრამაში ჩართვისთანავე თითოეული პაციენტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიიღებს აბსოლუტურად უსაფრთხო მკურნალობას, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა მუდმივად იხვეწება და ვითარდება, მარტივდება ბიუროკრატიული პროცედურები, რაც ბენეფიციარებს მაქსიმალურად ეფექტური და ხარისხიანი მკურნალობის შესაძლებლობას აძლევს.
B ჰეპატიტი არის ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც აზიანებს ღვიძლს და ვითარდება მწვავე ან ქრონიკული ფორმით.
ჯანდაცვის პროგრამა
უფასო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი.
პროგრამის მოსარგებლეები არიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.
რაც შეეხება С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა, პროგრამის ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომია პრეპარატი „სოვალდი“.
საქართველოში ბავშვებს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამჯერ უტარდებათ: დაბადებისას, ორი და ოთხი თვის ასაკში.