თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის იუნესკოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება თეთრი სახლი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა, გამოიყვანოს შეერთებული შტატები UNESCO-დან, რადგან ის მხარს უჭერს „ვოუქ", საკამათო კულტურულ და სოციალურ საკითხებს, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება იმ საღ აზრს, რასაც ამერიკელებმა ნოემბერში მისცეს ხმა", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ანა კელიმ.
კელიმ დასძინა, რომ ტრამპი ყოველთვის ამერიკას პირველ ადგილზე დააყენებს. ამასთან, ამერიკელ ლიდერს სურს უზრუნველყოს, რომ მისი ქვეყნის წევრობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ეროვნული ინტერესების შესაბამისი იყოს.
თებერვალში სახელმწიფოს მეთაურმა მოითხოვა ორგანიზაციაში ამერიკის ყოფნის შეფასება.
მიმდინარე წლის მაისში ტრამპმა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში წამოაყენა ინიციატივა, რომელიც გაეროს ორგანიზაციებში აშშ-ის ვალდებულებების დიდი ნაწილისა და ყველა ნებაყოფლობითი შენატანების შეჩერებას ითვალისწინებდა. წინადადება ეხება ძირითად სტრუქტურებს, მათ შორის ჯანმოს, იუნესკოს და თავად ორგანიზაციის რეგულარულ ბიუჯეტს.
იუნესკოს წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, აშშ-ის გასვლა ორგანიზაციიდან 2026 წლის 31 დეკემბერს შევა ძალაში. ამ ვადამდე აშშ რჩება იუნესკოს სრულუფლებიან წევრად.
აშშ და იუნესკო
ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ქვეყანამ იუნესკოში წევრობის შეწყვეტის თაობაზე გამოაცხადა.
2023 წელს, როდესაც ჯო ბაიდენი ხელისუფლებაში იყო, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ქვეყანას ორგანიზაციაში დაბრუნება სურდა.