ბათუმის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩაცხრილეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, თურქეთის მოქალაქეა.
Sputnik
თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან Le Méridien-ში მამაკაცი ჩაცხრილეს.
შსს-ს ცნობით, გარდაცვლილი მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ზურგში რამდენიმე ტყვია ესროლეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული თურქეთის მოქალაქეა, რესტორნის სტუმარი, სროლამდე ისმოდა ხმამაღალი საუბარი, შემდეგ კი რესტორანში, სადაც სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ, მოულოდნელად სრილის ხმა გაისმა. არსებული ინფორმაციით, რესტორნის სხვა სტუმრები და თანამშრომლები არ დაშავებულან.