პაპუაშვილი: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოსამართლეების დაშინებას ცდილობს

სხვადასხვა ქვეყნის ელჩები აგრძელებენ ოპოზიციის ლიდერებისა და ოპოზიციის აქტივისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებას, რათა მოსამართლეებისთვის დაშინების გარემო შექმნან, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
Sputnik
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ნაცვლად იმისა, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას, დღეს ცილს სწამებს მოსამართლეებს და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებით ემუქრება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
15 ივლისს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობას. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის „სერიოზულ უკუსვლას“ აფიქსირებს. გარდა ამისა, უკვე მომზადებულია იმ პირთა სია, რომელთა წინააღმდეგაც შეიძლება დაწესდეს პერსონალური სანქციები, მათ შორისაა ორი მოსამართლე.
„ნაცვლად იმისა, რომ კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მხრიდან მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომელიც სრული დეზინფორმაცია, ცილისწამება აღმოჩნდა, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს, მათ სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებით ემუქრება. ამას აღარანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები აგრძელებენ ოპოზიციის ლიდერებისა და ოპოზიციის აქტივისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებას, რათა მოსამართლეებისთვის დაშინების გარემო შექმნან.
„რათა შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან, რომელიც, როგორც მშვიდობის პროექტი, შეიქმნა და დღეს გამოიყენება, როგორც ქართველ ხალხზე, მის მართლმსაჯულებაზე თავდასხმის ინსტრუმენტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი თავდასხმები უკვე მოისმინა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების შემდეგ.
„დღეს თუ კალასია, წინა პერიოდში სხვა ჩინოვნიკები ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ მოსამართლეებს. ყოველ ჯერზე სტრასბურგში მიდიოდა საქმე და აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერების საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, რაც კონტრპროდუქტიული ნაბიჯია.
თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგია, რადგან მათ არ სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო რიგითი მოქალაქეები დაზარალდნენ.
ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებისა და კანონების საპასუხოდ შესაძლო ზომებს, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, ქვეყანას ევროინტეგრაციიდან აშორებს.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.
27 იანვარს ევროკავშირის საბჭომ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოში 2024 წელს „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის და „ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს კანონები ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ამასთან, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ევროკავშირში გამგზავრება ჩვეულებრივი პასპორტებით შეუძლიათ.