„კაპიტანი ამერიკა“ საქართველოდან - ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ შეუერთდა

ქოჩორაშვილთან ლისაბონის კლუბმა 2030 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა, რომლის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბს, ლისაბონის „სპორტინგს" შეუერთდა, ინფორმაცია პორტუგალიური გუნდის ხელმძღვანელობამ დაადასტურა.
ქოჩორაშვილმა „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2025 წლის აპრილში გააფორმა, თუმცა სეზონის ბოლომდე ესპანურ „ლევანტეში“ დარჩა. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, პორტუგალიელებმა ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 5,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
„ტრანსფერი დასრულებულია, გიორგი ქოჩორაშვილი ჩვენი მოთამაშეა – „კაპიტანი ამერიკა“ ჩამოვიდა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა", - ნათქვამია განცხადებაში.
ქოჩორაშვილის კონტრაქტში ასევე ნათქვამია, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა. „ლევანტეს“ მაისურით ფეხბურთელმა 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. თავდაპირველად იგი სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ლა ლიგაში „ატლეტიკის“ წინააღმდეგ.
2022/2023 წლების სეზონში ქოჩორაშვილი იჯარით „კასტელიონში“ გადავიდა, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეში“ 2023 წლის ზაფხულში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კლუბთან კონტრაქტი ორი სეზონით გაახანგრძლივა.