პალმის ზეთი და რძის ფხვნილი: ყველის წარმოებაში სერიოზული დარღვევები გამოავლინეს

სააგენტოს ინფორმაციით, მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
Sputnik
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ბიზნესსაქმიანობას (რძის გადამუშავება, ყველის წარმოება) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს შესაბამისი აღიარების გარეშე ეწეოდა.
"ინსპექტირების პროცესში გამოვლინდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა. ინსპექტორების მიერ ამოღებული და დალუქულია მზა პროდუქტები (კარაქი, სულგუნი), დიდი რაოდენობით პალმის ზეთი და 40 ტომარა რძის ფხვნილი", - ნათქვამია განცხადებაში.
მეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები არარეგისტრირებული რძის გადამამუშავებელი საწარმოების გამოვლენის მიზნით კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ.
მიმდინარე წელს სააგენტოს მიერ 29 უკანონო საწარმოა გამოვლენილი, მათ შორის 18 - ქვემო ქართლის რეგიონში.