თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ორი პარტიაა რეგისტრირებული, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაში.
არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.
ამჟამად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არეგისტრირებს იმ პარტიებს, რომლებსაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. რეგისტრაცია 14 ივლისამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა „კონსერვატორები საქართველოსთვის“ (თავმჯდომარე გიორგი ქარდავა) და „მამული, ენა, სარწმუნოება“ თავმჯდომარე ზაურ ხაჩიძე). სხვა პარტიებს განაცხადი არ შეუტანიათ.
თუ პარტია რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას ან არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, რეგისტრაციის გავლას შეძლებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ ასწრებენ რეგისტრაციის გავლას, მონაწილეობა დაადასტურეს პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“; „ფედერალისტები“.
ამ პარტიების თვალსაზრისით, არჩევნებში მათი მონაწილეობა „ხელისუფლების ლეგიტიმურობის შთაბეჭდილებას“ შექმნიდა.
არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ ადგილობრივ ხელმძღვანელობას.
საკრებულოებში პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კი საჭიროა ხმების უმრავლესობის მიღება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.