თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს ახალ თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე თამარ ლილუაშვილი დაინიშნა.
თამარ ლილუაშვილი ამ დრომდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა, მანამდე კი იყო საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში.
რაც შეეხება ყაზახეთის რესპუბლიკას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ლევან დიასამიძე დაინიშნა.
მთავრობის ცნობით, ლევან დიასამიძეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის 2022 წლიდან დღემდე მოლდოვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა.