თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ჩინეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტურის ფარგლებში ჯგუფის წევრები, რომლის შემადგენლობაში ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები შედიოდნენ, ღვინის საწარმოებს ქართლში, იმერეთსა და კახეთში გაეცნენ და სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები დააგემოვნეს.
„ქართულ ღვინოს ჩინეთში მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული და უნიკალური გემოების მრავალფეროვანი არჩევანი ახასიათებს. ვფიქრობ, ჩინეთში ქართული ღვინოს დიდი პერსპექტივა არსებობს, თუკი ხალხს ქართული ღვინის შესახებ გავაცნობთ, შევასწავლით მის ისტორიას და მრავალფეროვან გემოებს. საქართველო ღვინის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ჩინელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ“, – განაცხადა ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting წამყვანმა ღვინის მაგისტრმა ფოგი ვოკერმა.
თბილისში სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია Walkaround Tasting გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1,7 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.