თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანში ხეტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
კერძოდ, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ექვს კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.
ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის ე.წ. საქმიან ეზოში.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.