თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2025 წლის მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 3,2%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე გაიზარდა – 4,9%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 13,3%-ით.
2025 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,5%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,3%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები შემცირდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 3,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 3,8%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი მაისში, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,9%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 18,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 2%-ით, მათ შორის სასმელებზე - 6,1%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 1%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2025 წლის მაისში 3,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,4% შეადგინა.