ლაგოდეხში 57 წლის მამაკაცი მოკლეს: დაკავებულია ერთი პირი

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. სამართალდამცველებმა ლაგოდეხში 57 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი, 43 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა ვაშლოვანის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 57 წლის მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.