საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
Sputnik
თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს და განსაკუთრებული ყურადღება დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილეს.
„შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ის სტრატეგიული პროექტები, რომლებიც ორივე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის გაცვლითი ბანაკების პროგრამას, რომელიც ივლისსა და აგვისტოში აზერბაიჯანსა და საქართველოში განხორციელდება. აღინიშნა, რომ ახალგაზრდებს შორის სამომავლო ურთიერთობებისთვის მსგავსი შესაძლებლობის არსებობა მნიშვნელოვანი იქნება.
ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტი წევრები ლევან მაჭავარიანი და ანტონ ობოლაძე.
ორმხრივი ურთიერთობები
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.