თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პოლიტიკური მოძრაობა „მძლეველის“ წარმომადგენლებმა თბილისში თურქეთის საელჩოსთან გამართულ აქციაზე თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი მიმართვა გააჟღერეს და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს ქმედებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" აქციის ორგანიზატორებმა.
საელჩოსთან აქციის მონაწილეებმა თან მიიტანეს პლაკატები წარწერით: „ბართლომე - გაყიდული აგენტი!“ „თურქეთის პროკურატურა უნდა დაინტერესდეს აგენტ ბართლომეთი!“
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, თურქეთის პროკურატურაში დარეგისტრირებულია განცხადება ბართლომეს არამართლზომიერ ქმედებებზე, როდესაც იგი შეეცადა წასულიყო ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენი დაკვირვებით, პატრიარქი ბართლომე სულ უფრო მეტად სცილდება მართლმადიდებელ კანონიკას და ემსგავსება რომაულ პაპიზმს, რაც თავისთავად პოლიტიკურ ასპექტებსაც მოიცავს“, - ნათქვამია საელჩოსთვის გადაცემულ მიმართვის ტექსტში.
თურქეთის საელჩოსთან აქციის პარალელურად, თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე - „ქართველთა და რუსთა მართლმადიდებლური ერთიანობა - რომელი ძალები გამოდიან ერთიანობის წინააღმდეგ“.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკური მომენტები, რომლებიც ხელოვნურად არის მიმართული მართლმადიდებელ ქართველთა და რუსთა ეკლესიური ერთიანობის წინააღმდეგ.
ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის გულბაათ რცხილაძის თქმით, თურქეთის პარტია „ვატანის“ იურისტებმა პატრიარქის მოღვაწეობის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება უკვე შეიტანეს.
გარდა ამისა, კონფერენციაზე წაიკითხეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბერდიაკონის, ფილოსოფიის დოქტორის, მამა გიორგი რუხაძის მოხსენება: „უკრაინის კრიზისის რელიგიური ფაქტორები“.
თავის მოხსენებაში ბერდიაკონმა გიორგიმ არგუმენტირებულად ახსნა მართლმადიდებელი ეკლესიის ურღვევობა ეროვნული ნიშნის მიხედვით და ჩამოთვალა კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ბართლომეს დესტრუქციულ როლზე მეტყველებს.
კონფერენციის სტუმრებმა - მღვდელმსახურებმა, სწავლულებმა, ჟურნალისტებმა, გადამდგარმა სამხედროებმა, თბილისის ორი ტაძრის მრევლის წარმომადგენლებმა, თავიანთი აზრები გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს ბერდიაკონ გიორგის თეზისებს.
„ერთი პატრიარქის ჩაურევლობა მეორე პატრიარქის საქმეებში განსაზღვრულია საეკლესიო კანონმდებლობით, რომელსაც არღვევს პატრიარქი ბართლომე, რომელმაც საკუთარი თავი სხვა პატრიარქებზე მაღლა დააყენა. მისი საქმიანობა ანტიმართლმადიდებლურ ხასიათს ატარებს და მიმართულია ყველა იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელიც აღიარებს მართლმადიდებელ ქრისტიანობას“, - განაცხადა რცხილაძემ.
მისი თქმით, ბართლომეს არ აინტერესებს რელიგია და საეკლესიო კანონები, მას აინტერესებს პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ის მესამე ძალებისგან იღებს.
„ეს მესამე ძალები არ არიან მეგობრულად განწყობილი არც ჩვენს და არც თურქეთის მიმართ. ამის შესახებ თურქეთშიც არის ცნობილი. სწორედ ამიტომ, ამას წინათ, შესაბამისი იურიდიული განცხადება იქნა ჩაბარებული ბართლომეს წინააღმდეგ, პარტია „ვატანის“ ადვოკატების მიერ“, -აღნიშნა რცხილაძემ.
მისი თქმით, თურქეთის სახელმწიფოს შესაბამისი იურიდიული ქმედებები ბართლომეს წინააღმდეგ, თუკი ასეთს ადგილი ექნება, საქართველოში არ იქნება აღქმული მართლმადიდებელ ეკლესიაზე დევნად, არამედ პირიქით, ეს იქნება იმედი, რომ „პროვოკატორი და მწვალებელი შეზღუდული იქნება თავის დესტრუქციულ საქმიანობაში“.