სად ვბანაობთ: როგორი წყალია შავ ზღვაში

გარემოს ეროვნული სააგენტო წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია, განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი შავი ზღვის წყლიდან სინჯის აღების მორიგ პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია... აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში - ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს.
კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის -13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადსა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.