თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი მალე დაიწყებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვას, რომლის მიხედვითაც, მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი აღარ იქნება.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი მხოლოდ საბიუჯეტო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებზე ვრცელდება.
ცვლილებების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველი კონტრაქტით იმუშავებს, ის ხელფასს თავის ძირითად სამუშაოზე მიიღებს და არა უწყების ბიუჯეტიდან.
კანონმდებლები აცხადებენ, რომ ცვლილების მიზეზი ის არის, რომ მათი საქმიანობა, თავისი არსიდან გამომდინარე, არ შეიძლება გაიგივდეს სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული პირების მუშაობასთან.
კანონპროექტის ავტორები არ აკონკრეტებენ, რამდენი მრჩეველია დასაქმებული სახელმწიფო უწყებებში.