სარფში ნახევარ მლნ ლარზე მეტი ღირებულების ოქრო უკანონოდ შემოჰქონდათ: დაკავებულია 1 პირი

დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ გადმოტანის ფაქტი გამოავლინა და ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, თურქეთის მოქალაქემ მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსის სალონში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა სამ კილოგრამზე მეტი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 546.129,52 ლარი შეადგინა.
გამოძიება სსკ-ის 214-ე მუხლით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა ) მიმდინარეობს.