26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში ნათდება
Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ-იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ნიუ-იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და აშშ-ის შორის მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა.
უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.