თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
მკვლელობა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი.
17 მარტს სამართალდამცველებმა აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ერთი პირი - გელა უძილაური განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამარლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 მაისს დაკავებულ 28 წლის სანდრო წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, გელა უძილაურმა სწორედ სანდრო წივწივაძის სახელზე რეგისტრირებული იარაღიდან მოკლა ჯანგველაძე და დაჭრა მისი მძღოლი.
დანაშაული 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ. -მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ. -ზე იყო რეგისტრირებული. აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ - მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა" , - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ საქმეზე გამოძიება განზარ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.