თბილისი, 21 მაისი - Sputnik. თბილისის მერიამ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სუბიექტი 30 ათასი ლარით დააჯარიმა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ განმარტა, საქმე ეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობას.
„აღნიშნულ ობიექტზე რამდენიმე დღის წინ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. კერძოდ, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და სუბიექტი დაჯარიმდა 30 000 ლარით, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ განმარტა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ჩოგბურთის კორტები წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობის თხოვნითა და მერიის ჩართულობით, ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდა, რომლის შემდეგაც, გამოცხადდა აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით მერიამ განკარგა. ახლა მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია.
სპორტული კომპლექსი, რომელიც ამ ტერიტორიაზე შენდება, მოიცავს სამი საჩოგბურთო კორტის მშენებლობას. ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია.
კალაძის თქმით, მერიის რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა მყისიერი ნაბიჯები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.
კომპანიას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობის ეტაპებს, მისი მიმდინარეობის ხარისხსა და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
მისი თქმით, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და კომპლექსი 2026 წლის პირველ ივნისამდე დასრულდება.