საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას ახალი უწყება დაემატება

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო დაემატება.
შესაბამისი ცვლილებები „თავდაცვის კოდექსში“ შევა, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო სააგენტო 2024 წლის ბოლოს შეიქმნა საქართველოს თავდაცვის ძალებში გაწვევის ახალი ფორმის დანერგვის მიზნით, რომელიც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში. სააგენტოს ძირითადი ფუნქციაა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა.
„სააგენტოს სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით მოიცავს სამსახურებს და მას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გააჩნია, რომლის გამოყენება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში საჭირო გახდება“, - განმარტავს თავდაცვის სამინისტრო.
უწყების განცხადებით, მშვიდობიანობის დროს საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების, ტრენინგების, სწავლებების დაგეგმვა-ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება.
თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: გენერალური შტაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობები, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა, სპეციალური ოპერაციების სარდლობა, ეროვნული გვარდია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.
საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შედიან აგრეთვე სხვადასხვა სამსახურები, მათ შორის, სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (ეროვნული თავდაცვის აკადემია; სამხედრო ჰოსპიტალი; კიბერუსაფრთხოების ბიურო), შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიცია; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი; სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი; ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საბრძოლო ან ობიექტების დაცვის ფუნქციის შემსრულებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
პარლამენტში წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს მიერ მოზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებებს შემდეგ კანონებში: „თავდაცვის კოდექსი“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.
განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.