თბილისი, 16 მაისი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გუშინ „ევროვიზია 2025“-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენელი მაყურებლის წინაშე წარდგა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.
საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი მარიამ შენგელია მსმენელის წინაშე გუშინ წარდგა, თუმცა „ევროვიზია 2025"-ის ფინალში ვერ გავიდა. მან სიმღერა Freedom (თავისუფლება) შეასრულა. ის პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავისა" და „ვოისის" მონაწილეა. მარიამ შენგელია 2020 წელს „ევროვიზიაზე" საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. მაშინ კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.
„ევროვიზია 2025"-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი 15 მაისს გამართული კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
„ევროვიზია 2025“-ის პირველი ნახევარფინალი შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13 მაისს გაიმართა. მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: პოლონეთი, ესტონეთი, უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, პორტუგალია, ალბანეთი, ნიდერლანდები, სან მარინო და ისლანდია.
გასულ წელს კონკურსში გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა ნემო მეტლერმა (Nemo) სიმღერით The Code — მან 591 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელ ნუცა ბუზალაძეს, იგი 21-ე ადგილზე გავიდა.
„ევროვიზიაზე" საქართველოს დებიუტი 2007 წელს შედგა. საქართველოს წარმომადგენლებმა ორჯერ მოახერხეს ფინალში მეცხრე ადგილის დაკავება: 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ სიმღერით Shine და 2011 წელს Eldrine-მა სიმღერით One More Day. ეს შედეგი საუკეთესოდ ითვლება.