ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

როგორც გიორგი გოგიტიძემ აღნიშნა, იგი რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრად.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი — Sputnik. თვითმმართველობის არჩევნებამდე 4,5 თვით ადრე ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი გოგიტიძემ თანამდებობა დატოვა. ამის თაობაზე განცხადება სოციალურ ქსელში თავად გოგიტიძემ გაავრცელა.
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა. მადლობას ვუხდი ქობულეთის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი კეთილი საქმეების განხორციელებაში", - დაწერა გოგიტიძემ.
როგორც მან აღნიშნა, იგი რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ წევრად.
„2012 წელს, როცა დაარსდა პარტია - „ქართული ოცნება“, ჩემი სურვილით მოვედი პარტიაში და დავიწყე საქმიანობა. 2012 წლიდან ვემსახურები პარტიას და ქართველ ხალხს, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქში საქმიანობა, ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ ერთად და ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად", - დაწერა გოგიტიძემ.
ორი დღის წინ, 14 მაისს თანამდებობა დატოვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზოიძემ. იგი ქობულეთის მერის პოზიციაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა.